„ზვიად კორძაძის გამომცემლობა“ დაარსდა 2014 წელს. საგამომცემლო პრიორიტეტებია იურიდიული პროფილის – სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების, ნათარგმნი და სხვა სახის ლიტერატურის გამოცემა.
გამომცემლობამ განახორციელა რამდენიმე პროექტი. მათ შორის, ერთ-ერთი ეხებოდა 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მიღებასა და მასთან დაკავშირებით გამართულ სამართლებრივ დისკუსიებს, რის შედეგადაც გამოიცა კრებული – „ქართული კონსტიტუციონალიზმის ქრონიკები“ (2016). წიგნში შესულია საკონსტიტუციო კომისიის წევრებისა და ცნობილი საზოგადო მოღვაწეების წერილები საქართველოს პირველ კონსტიტუციასთან დაკავშირებით.
მეორე პროექტია – „ქართული სამართლის კლასიკა“, სერიული იურიდიული გამოცემა, რომელშიც ცნობილი ქართველი მეცნიერ-იურისტების კლასიკური იურიდიული წერილებია თავმოყრილი. გამომცემლობამ 2017 წელს გამოსცა ქართული სამართლის კლასიკის I ტომი და, ამჟამად, საგამომცემლო ჯგუფი მუშაობს წიგნის II ტომის გამოსაცემად.